შალვა ხაჭაპურიძე მიხეილ სააკაშვილზე – ის სურათი, რაც დღეს არის, ამას ჰქვია მომაკვდავი ადამიანი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი ადვოკატის შალვა ხაჭაპურიძის შეფასებით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმეა, რადგან ის ფაქტობრივად, მომაკვდავია.

როგორც ხაჭაპურიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში “360 გრადუსი“ განაცხადა, მას მიხეილ სააკაშვილი არასდროს უნახავს ისეთ მძიმე მდგომარეობაში, როგორც დღეს იყო.

შალვა ხაჭაპურიძე მიხეილ სააკაშვილზე - ის სურათი, რაც დღეს არის, ამას ჰქვია მომაკვდავი ადამიანი

„ძალიან მძიმე მდგომარეობაა. ის სურათი, რაც დღეს არის, ამას ჰქვია მომაკვდავი ადამიანი. საწოლზე წევს და არც არაფერს ლაპარაკობს, ძლივს ერთი-ორი სიტყვა თქვა. ცუდად არის, ძალიან მძიმე მდგომარეობაა. ადამიანი კონტაქტურიც არ არის. მე რაც ვნახე, ამ კაცზე, ერთადერთი რაც შეიძლება თქვა არის ის, რომ ეს ადამიანი არის მომაკვდავი“, – განაცხადა ხაჭაპურიძემ.

ის ვარაუდობს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა იმდენად მძიმეა, შესაძლოა, ძალიან ცუდად დასრულდეს.

„მე ვხედავ ერთ რამეს, ხვალ დილით შეიძლება ძალიან ცუდი ამბავი გავიგოთ, ძალიან მძიმე მდგომარეობაა. ვისმენდი სხვადასხვა ეთერებში, პატიმრობაში უნდა იყოს თუ არაო, კვდება კაცი, რა პატიმრობაზე საუბარი. ვერ აგრძელებს სასჯელის მოხდას, ზუსტად ეგ სურათი არის. მინახავს არაერთი პატიმარი, ციხიდან გამოსულა და რამდენიმე დღეში ან საათში გარდაცვლილა“, – განაცხადა ხაჭაპურიძემ.

წამყვანის კითხვაზე, ეს მისი პირადი შეფასებაა თუ ექიმების, ხაჭაპურიძემ უპასუხა, რომ ისინი ექიმებთან არ კონტაქტობენ, არამედ ავადმყოფის ისტორიას ეცნობიან.

გარდა ამისა, ადვოკატის განცხადებით, მან მიხეილ სააკაშვილს ჰკითხა, ხომ არ ჰქონდა სურვილი ხვალ მისი საზღვარგარეთ გადაყვანის თაობაზე დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით რაიმეს თქმა, რაზეც სააკაშვილმა უთხრა, რომ სურს, ხვალინდელ აქციაზე პოლიტიკური განცხადებები არ იყოს.

„ვუთხარი, ხვალ აქციაა და ამასთან დაკავშირებით რამეს ხომ არ იტყვი -მეთქი და პოლიტიკური განცხადებები არ იყოს, პოლიტიკური სახე არ მიიღოს ამ აქციამო და რაიმე ექსცესები არ მოხდესო“, – განაცხადა ხაჭაპურიძემ.

მისი განმარტებით, გარდა ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობისა, სააკაშვილმა წონაში საგრძნობლად დაიკლო და ამჟამად 77-78 კგ იწონის.

გარდა ამისა, ადვოკატის ინფორმაციით, უთხრეს, რომ მიხეილ სააკაშვილს დღეს გაღვიძებაც გაუჭირდა. შალვა ხაჭაპურიძე აცხადებს, რომ როგორც დაცვის მხარემ, ასევე ექიმებმა თითქმის ყველაფერი გააკეთეს ხელისუფლების დასარწმუნებლად, რომ მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანა აუცილებელია და რა ზომებს მიმართოს დამატებით აღარ იცის.