ალექსეი არესტოვიჩმა თანამდებობა დატოვა

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა თანამდებობა დატოვა, შესაბამისი პოსტი მან ფეისბუკში გამოაქვეყნა.

ალექსეი არესტოვიჩმა თანამდებობა დატოვა

„დავწერე გადადგომის შესახებ განცხადება, მინდა ცივილიზებული საქციელის მაგალითი ვაჩვენო. მე დავუშვი პრინციპული შეცდომა, ანუ უნდა გადავდგე“, – წერს არესტოვიჩი ფეისბუკში.

ცნობისთვის, არესტოვიჩმა 14 იანვარს დნიპროში მდებარე საცხოვრებელ კორპუსზე „X-22“ რაკეტით დარტყმის შემდეგ განაცხადა, რომ „რაკეტა, რომელიც დნიპროში საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა, უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო და დაცემისას აფეთქდა“.

აღნიშნულ განცხადებას უკრაინაში უკმაყოფილება მოჰყვა და მისი გადადგომა მოითხოვეს.

17 იანვარს, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა მის განცხადებას დნიპროში რუსული რაკეტის უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემით ჩამოგდების შესახებ სერიოზული შეცდომა უწოდა.

განცხადების ირგვლივ ატეხილი სკანდალის შესახებ საუბრისას მან განაცხადა, რომ სოციალურ ქსელში დაგმობის ასეთი ტალღა შეიძლება გამოწვეული იყოს საზოგადოებაში არსებული ძლიერი დაძაბულობით, ან ორგანიზებული იყოს ბოტების ქსელის მიერ.

არესტოვიჩმა მოუბოდიშა იმ ადამიანებს, ვინც მისი სიტყვებით დაზარალდა.

„მინდა, ბოდიში მოვუხადო დაღუპულთა და დაშავებულთა ნათესავებსა და მეგობრებს. დნიპროს მცხოვრებლებს, რომლებიც პირადად განიცდიან ამ ტრაგედიას. ასევე, ყველა უკრაინელს და არაუკრაინელს, რომლებსაც ჩემი სიტყვები ასევე შეეხო“, – განაცხადა არესტოვიჩმა, თუმცა, აღნიშნული განცხადებიდან რამდენიმე საათში მან გადადგომის შესახებ განაცხადა.