„ვივამედის“ კლინიკური დირექტორი – მიხეილ სააკაშვილის პარამეტრები არ შეესაბამება იმას, რომ კრიტიკულ დეპარტამენტში იქნას გადაყვანილი

კლინიკა „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, კოვიდინფიცირებული მიხეილ სააკაშვილი კრიტიკულ დეპარტამენტში გადაყვანას არ საჭიროებს. აღნიშნულის შესახებ ჩხაიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

„ვივამედის“ კლინიკური დირექტორი - მიხეილ სააკაშვილის პარამეტრები არ შეესაბამება იმას, რომ კრიტიკულ დეპარტამენტში იქნას გადაყვანილი

როგორც კლინიკური დირექტორი განმარტავს, ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით დღეს კონსილიუმიც შეიკრიბა და ჩაითვალა, რომ სააკაშვილის პარამეტრები რეანიმაციულ მკურნალობას არ საჭიროებს.

„შემიძლია დაგიდასტუროთ, დღეს მოვიდა პასუხი, რომ PCR ტესტი დადებითია. დღესვე, შეიკრიბა ექიმების შემადგენლობით კონსილიუმი, მათ შორის, იყო რეანიმატოლოგიც. პაციენტი იქნა ნანახი, შედგენილი და შეთანხმებული იქნა მკურნალობის სქემა და ჩაითვალა, რომ მისი პარამეტრები არ შეესაბამება იმას, რომ გადაყვანილი იქნას კრიტიკულ დეპარტამენტში“, – განაცხადა ჩხაიძემ.

ის უარყოფს ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, დღეს სააკაშვილმა გონება დაკარგა.

„გონების კარგვის ეპიზოდი არ ყოფილა. არ ვიცი, საიდან აქვს შალვა ხაჭაპურიძეს ეს ინფორმაცია. რამდენადაც ვიცი, თვითონ არც ყოფილა დღეს, მსგავსი ეპიზოდი არ ყოფილა“, – აცხადებს ჩხაიძე.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს დღეს კორონავირუსი დაუდასტურდა. მისი ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე სააკაშვილის რეანიმაციულ განყოფილებაში გადაყვანას ითხოვს.