ასეთი განცხადება სტოკჰოლმში ვიზიტით ჩასულმა ფინეთის პრემიერ-მინისტრმა სანა მარინმა შვედეთის პრემიერ-მინისტრ ულფ კრისტერსონთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
ერთობლივი პრესკონფერენციის დროს პრემიერ-მინისტრებმა ნატოში გაწევრიანებაზე ისაუბრეს.
“ჩვენ ერთად ვართ ამ მოგზაურობაში”, – თქვა შვედეთის პრემიერ-მინისტრმა.
კრისტერსონმა შვედებს მოუწოდა შეიკავონ თავი და შეინარჩუნონ სიმშვიდე, რათა ქვეყანამ შეძლოს ნატოში გაწევრიანება.
კითხვაზე, იგეგმება თუ არა შვედეთში აქციები, სადაც ყურანის დაწვა, მან უპასუხა, რომ არ სურს იწინასწარმეტყველოს, მაგრამ იცის, რომ, სამწუხაროდ, ადამიანებს შეუძლიათ შვედეთის ნატოში გაწევრიანების საბოტირება.
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის თანახმად, ფინელების უმეტესობა მზად არის ნატოში შვედეთის გარეშე გაწევრიანდეს, მაგრამ სანა მარინი თვლის, რომ გაწევრიანება ერთობლივად უნდა მოხდეს.
ჩვენ ხელიხელჩაკიდებულები უნდა შევიდეთ ნატოში, – თქვა მარინმა.
კითხვას იმის შესახებ, თუ რამდენ ხანს დაელოდება ფინეთი შვედეთს, მარინმა უპასუხა, რომ არ მოსწონს შვედეთის პრობლემურად წარმოჩენა.
მისი თქმით, შვედეთმა და ფინეთმა შეასრულეს წევრობისთვის ყველა პირობა და ყველაფერი ის, რაც თურქეთთან შეათანხმეს გასული წლის ზაფხულში, მადრიდში.
შვედი ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ მარინმა განაცხადა, რომ ფინეთის კანონებით იკრძალება ყურანის და ყველა წმინდა წიგნის დაწვა.
კრისტერსონმა არ ისურვა კომენტარი გაეკეთებინა კითხვაზე შვედეთის თავდაცვისუნარიანობის შესახებ ნატოში გაწევრიანებაზე უარის თქმის შემთხვევაში. მაგრამ აღნიშნა, რომ შვედეთში ტერორიზმთან დაკავშირებით კანონები გამკაცრდება.