გავიხსენოთ 2020 წელს, ირაკლი ჯანყარაშვილის მიერ დაწერილი სტატია, რომელიც ეძღვნება ყველა იმ აფერისტს, ვინც საქართველოს ამერიკულ დახმარებებს ამადლის. მაშ ასე, რამდენით გვეხმარება ამერიკა – შედარებისათვის, რამდენით ეხმარება რუსეთი აფხაზებსა და ოსებს:
ამერიკელებმა ზარ-ზეიმით გამოაცხადეს, რომ 1992 წლიდან მოყოლებული დღემდე (ანუ 2020 წლამდე), მათ სახელმწიფოს ჩვენთვის სულ 1 მილიარდ დოლარზე მეტი დახმარება გამოუყვია. 1992 წელს საქართველოში 5 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა, დღეს, სხვადასხვა შეფასებით 3,5 მილიონიდან 4 მილიონამდეა. გადავიანგარიშოთ 28 წლის მანძილზე გაწეული ამერიკული დაფინანსება საქართველოსთვის და 1 მილიარდი გავყოთ მოსახლეობის სავარაუდო რაოდენობაზე – 4 მილიონზე. მივიღეთ ციფრი 250. ესე იგი, საქართველოს ერთ სულ მოსახლეზე გადათვლით, ამერიკას 250 დოლარი გაუმეტებია 28 წლის მანძილზე (ანუ წელიწადში 9 დოლარი).
2018-2020 წლების მანძილზე რუსეთმა აფხაზეთის დასახმარებლად გამოჰყო 11,5 მილიარდი რუბლი (დღევანდელი კურსით დაახლოებით 164,2 მილიონი დოლარი), ხოლო ცხინვალის დასახმარებლად კიდევ უფრო მეტი – 16,8 მილიარდი რუბლი (ანუ 240 მილიონი დოლარი). აფხაზეთში დაახლოებით 240 ათასი ადამიანი სახლობს (მათ შორის, გალის რაიონის ქართველობა). რუსეთის დახმარება აფხაზეთის 1 სულ მოსახლეზე, ამ სამი წლის მანძილზე, გამოდის 684 დოლარი (228 დოლარი წელიწადში). რაც შეეხება ცხინვალის რეგიონს, აქ სულ 53 ათასი მოსახლეა აღრიცხული (ახალგორის ქართველებიანად) და რუსული დახმარება კაცზე 4528 დოლარი გამოდის სამი წლის მანძილზე, ხოლო წელიწადში – 1509 დოლარი!
რა თქმა უნდა, ეს დახმარება, გადათვლილი თითო სულ მოსახლეზე, პირობითია ორივე შემთხვევაში – როგორც ამერიკულის, ისე რუსულის, მაგრამ ციფრები მაინც ნათელჰყოფენ, რომ რუსეთი, მიუხედავად იმისა, რომ ფინანსური თვალსაზრისით, ამერიკაზე ბევრად უფრო ღარიბია, თავისი მოკავშირეების მიმართ ბევრად უფრო ხელგაშლილია, ვიდრე ამერიკა.
გარდა ამისა, ისევე, როგორც ამერიკას, რუსეთსაც თავისი ინტერესები აქვს და ამ ინტერესებს მიჰყვება. არც ამერიკაა ვალდებული, ქართველები შეგვინახოს და არც რუსეთია ვალდებული, აფხაზები და ოსები არჩინოს, მაგრამ რუსეთი რომ არ დებს „ზედმეტ“ ინვესტიციებს თვითგამოცხადებული რესპუბლიკების კლანურ ეკონომიკაში, ეს ვგონებ, იმას მოწმობს, რომ რუსეთი არ აპირებს მათ ანექსიას და მოლაპარაკებების გზით ქვეყნის რეინტეგრაციის შესაძლებლობას განზრახ გვიტოვებს!
ამერიკის მხრიდან საქართველოს „დახმარება“ ანუ როგორია სტრუქტურა საქართველოს დახმარების სახელით განხორციელებული ფულადი ტრანშებისა, კიდევ ცალკე საკითხია – აშშ-ის საბიუჯეტო თანხები დიდწილად ჩვენში მოქმედ მავნე „ენჯეოებს“ და ისევ მათი ამერიკელი კურატორების ხელფასებს მოხმარდა. ამერიკული ინვესტიციით გახსნილი წარმატებული საწარმოები ან სხვა სახის რეალური ეკონომიკური პროექტები მთელი ამ სამი ათეული წლის მანძილზე მიუღწეველია.