მეტი, ვიდრე ისტორია: სტალინი იარაღი გახდა რუსეთსა და დასავლეთს შორის ბრძოლაში

სამოცდაათი წლის წინ, სტალინი გარდაიცვალა. დიდი დროა გასული,  განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ეს პერიოდი სტალინის  მიერ გატარებულ ცხოვრებას თითქმის  მთლიანად მოიცავს. მაგრამ გახდა კი, სტალინი, ისტორიის საკუთრება ისევე, როგორც ლენინი, ნიკოლოზ მეორე ან პეტრე დიდი? არა, მათგან განსხვავებით, სტალინი ჯერ კიდევ აქტუალურია, რადგან მას მიმართავენ, მას უხმობენ, მისი ეშინიათ, მას ადარებენ. და არა მხოლოდ რუსეთში, არამედ მსოფლიოში. საქმის არსი, ამ შემთხვევაში, იმდენად იოსებ ბესარიონის ძე ჯუღაშვილ-სტალინის რეალურ ისტორიულ ფიგურაში არ გახლავთ, არამედ მითში, რომლადაც იგი იქცა. ეს მითი ახლა ომში გამოიყენება – იდეოლოგიურსა და საინფორმაციო ომში.

მეტი, ვიდრე ისტორია: სტალინი იარაღი გახდა რუსეთსა და დასავლეთს შორის ბრძოლაში

ყველაზე პოპულარული შედარება-განტოლება დღესდღეობით არის “სტალინი-ჰიტლერი” და “სტალინი-პუტინი”. პირველ მათგანს იყენებენ დასავლეთი და ჩვენი კოსმოპოლიტ-ანტისაბჭოელები. მათთვის სტალინი ჯოჯოხეთის მაშხალაა, მკვლელი, ომის მიზეზი, რომელმაც ნახევარ ევროპაზე იძალადა. მეორე შედარება კი პოპულარულია როგორც დასავლეთში, ისე ჩვენთან. მაგრამ, თუკი ჩვენი მოწინააღმდეგეები ამ შედარებას იყენებენ, როგორც ჰიტლერთან სტალინის გაიგივების გაგრძელებას, რათა ჯამში მიიღონ ტოლობის ნიშანი პუტინსა და ჰიტლერს შორის, ჩვენს ქვეყანაში სტალინთან შედარება ან პუტინისთვის კომპლიმენტად მოიაზრება ან კიდევ, პუტინისადმი საყვედურად, რომ იგი ჯერ კიდევ ვერ გახდა „საკმარისად სტალინი“. ისევე, როგორც აზრთა ყველა სხვა ომში, რეალური სტალინი იმდენად მნიშნელოვანი არ არის; მნიშვნელოვანია მისი სახე და მითოსი.

ანუ, გამოდის, რომ ორი სტალინი ერთმანეთს შორის იბრძვის: ჩვენი მხრიდან ეს არის გამარჯვებული, ძლიერი, სამართლიანი სახელმწიფოსა და ახალი მსოფლიო წესრიგის მშენებელი, ხოლო დასავლეთის მხრიდან წარმოგვიდგება საკუთარი ხალხის ტირანი და ევროპის ხალხების მჩაგვრელი. და, არა მხოლოდ რუსეთის ბედი, არამედ ევროპისა და დანარჩენი მსოფლიოს მომავალი, დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი სტალინი გაიმარჯვებს. მაგრამ, რატომ არის ეს ასე მნიშვნელოვანი? და, რატომ არ შეიძლება, რუსეთმა უარი თქვას სტალინზე, ყოველ შემთხვევაში, მითების ამ ბრძოლაში?

ნუთუ არ შეიძლება, დავივიწყოთ და მოვეშვათ გენერალისიმუსს – მით უმეტეს, ჩვენს ისტორიაში სხვა მნიშვნელოვანი ფიგურებიც არიან, რომელთა გარშემო შეიძლება შევიკრათ თვით დასავლეთთან დაპირისპირებისას? რატომ უნდა დავიცვათ ლიდერი, ვისი ხელებზეც ნამდვილად არის თანამემამულეების სისხლი და მისი აპოლოგეტებიც კი იძულებულნი არიან აღიარონ ეს და ამართლებენ იმით, რომ მან გამოიარა რევოლუცია და სამოქალაქო ომი, რომ ეს იყო იმ ეპოქის კანონები. ყველა ეს კითხვა აზრიანი იქნებოდა, ჩვენს ქვეყანას ორჯერ რომ არ ჰქონდეს ნათქვამი უარი სტალინზე – დამანგრეველი შედეგებით.

სტალინზე უარი პირველად ითქვა მისი გარდაცვალებიდან სამი წლის შემდეგ, როდესაც ხრუშჩოვმა დაიწყო საჯარო ბრძოლა პიროვნების კულტთან და მის შედეგებთან. რეპრესიების დაგმობა – რასაც მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა არა მხოლოდ “წითელი ნომენკლატურის”, არამედ ჩვეულებრივი მოქალაქეების, მათ შორის “ექსპლუატატორთა კლასების” ნაშთების ჩათვლით, სწორი ნაბიჯი იყო [რედაქციის შენიშვნა: სტატიის ავტორი ისტორიული სიყალბის ტყვეობაში მაინც იმყოფება, რადგან დიდი ხანია, დადგენილია, რომ არანაირი „მილიონობით რეპრესიების მსხვერპლი“ არ არსებობს და ეს ტყუილი ალ. სოლჟენიცინისგან მომდინარეობს. თუმცა ეს შეცდომა სტატიის სარგებლიანობას მთლიანობაში არ ანეიტრალებს]. მაგრამ მასობრივი რეპრესიების უარყოფა მოხდა თვით სტალინის მმართველობის დროს, რეპრესიები ძირითადად მოიცავდა 1930-იანი წლების მეორე ნახევარს, ასე რომ, ამ მხრივ ხრუშჩოვის დროს განსაკუთრებული რევოლუცია არ მომხდარა. თუმცა გუშინდელი ლიდერის დაგმობა და გაუქმება თაგვების მიერ მკვდარ ლომზე შურისძიებას დაემსგავსა –  ხრუშჩოვისა და სტალინის მასშტაბები ძალიან შეუდარებელი იყო და ამ ყველაფერში იგრძნობოდა წარსულის დამცირებების მიზეზით გამოწვეული, გარკვეული შურისძიება.

ბოლო ომში გამარჯვებული სტალინი ჯერ დაკნინდა, შემდეგ კი მიჩუმათებულ ფიგურად გადაიქცა: ხრუშჩოვის შემდეგ (ბრეჟნევის წლებში), სტალინი მაინცდამაინც აღარ ილანძღებოდა – უბრალოდ ცდილობდნენ, არ ეხსენებინათ იგი, გარდა იშვიათი შემთხვევებისა, როდესაც სტალინი ომის თემაზე გადაღებულ მხატვრულ ფილმებში ჩნდებოდა ხოლმე. შედეგად, „პერესტროიკის“ დროს, მოულოდნელად ნებადართული სტალინი გადაიქცა კომუნისტური პარტიისა და სახელმწიფოს, სსრკ -ის წინააღმდეგ მიმართულ ტარანად. სტალინის ნამდვილი და ფიქტიური სისასტიკეების ტირაჟირებამ არა მხოლოდ გადაფარა მისი ყველა დამსახურება, არამედ მისგან “მეორე ჰიტლერი” შექმნა. ძნელია, გადაჭარბებით შეაფასო ანტისტალინისტური კამპანიის წვლილი საბჭოთა კავშირის დაშლის საქმეში.

სტალინის დაუფიქრებელ განქიქებას,  ყველაფერთან ერთად, გეოპოლიტიკური ასპექტიც ჰქონდა. სწორედ ხრუშჩოვის დროინდელმა ანტისტალინურმა კამპანიამ გამოიწვია დაპირისპირება მთავარ მოკავშირესთან – მაოისტური ჩინეთთან. პეკინს არ ესმოდა, თუ რატომ ექცევიან ასე არა მხოლოდ საბჭოთა კავშირის დამაარსებელს, არამედ  მსოფლიო კომუნისტური სისტემის რეალურ ავტორს. მივიღეთ იდეოლოგიური ხასიათის კონფლიქტი უზარმაზარი გეოპოლიტიკური შედეგებით. 1950-იანი წლების საბჭოთა კავშირში სტალინის მიმართ რომ ისეთივე ფორმულა გამოეგონებინათ, როგორიც ჩინელებმა მოგვიანებით მაოს მიმართ გამოიყენეს – „70 პროცენტით მართალი იყო, 30 პროცენტით ცდებოდა“, – ისტორია, შესაძლოა, სავსებით სხვა გზით განვითარებულიყო. ეს ეხება როგორც საბჭოთა ისტორიას და საბჭოთა-ჩინურ ურთიერთობებს, ისე მთელ მსოფლიო ისტორიას.

სტალინზე დავამ მოსკოვისა და პეკინის ტანდემის დაშლა, მოგვიანებით კი საკუთრივ საბჭოთა კავშირის ნგრევაც გამოიწვია. ამის შემდეგ, ჩვენმა ულტრალიბერალურმა წრეებმა კიდევ ერთი, „საბოლოო დესტალინიზაციის“ ჩატარება განიზრახეს, ანუ სტალინის სრული დემონიზაცია და ფაქტობრივი აკრძალვა.

თუმცა 1990-იან და 2000-ია წლებში ამის მიღწევა არ გამოუვიდათ: დაიწყო სრულიად საპირისპირო, „ქვემოდან“ სტალინის რეაბილიტაციის პროცესი. სტალინი არა მხოლოდ დიდ ომში გამარჯვების მომტანად, არამედ შიდა მტრების რისხვად, კორუფციონერებისა და მოღალატეების საგვემ ხელკეტად, დამპალი ელიტების დამსჯელ მახვილად, სამართლიანი წყობილების აღმშენებლად მოგვევლინა. სწორედ სტალინის ასეთი სახე საბოლოოდ დამკვიდრდა სახალხო ცნობიერებაში – სწორედ ამიტომ, პრაქტიკულად ყველა გამოკითხვა სტალინს აყენებს პირველ ადგილზე, როგორც ჩვენი ისტორიის ყველა დიდ ფიგურას შორის უპოპულარულეს ფიგურას. ამასთან ბრძოლას არა თუ აზრი არ გააჩნია, არამედ სახიფათოცაა, თითქმის თვითმკვლელობის ტოლფასია იმიტომ, რომ შედეგად მოუწევთ „შავი სტალინის“ მითის მხარეზე დადგომა – მითისა, რომელიც უკვე დიდი ხანია, აღარ ატარებს ანტისაბჭოთა ხასიათს, არამედ რუსუფობულია, მიმართული რუსეთის გახლეჩასა და დამარცხებაზე. სტალინმა რუსეთის სასარგებლოდ უნდა იმუშავოს, დაგვეხმაროს გამარჯვების მიღწევაში – იგი ამას ისურვებდა ნამდვილად.

 

პიოტრ აკოპოვი

„რია-ნოვოსტი“